დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ოკუპანტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყველას სთხოვს, რომ ხურჩის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხებს მოუსმინონ და დასკვნები მერე გააკეთონ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ როცა ადამიანის სიცოცხლე ეწირება კონფლიქტს და ოკუპაციას, ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივია კითხვები, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ.
„მოსახლეობას სრული უფლება აქვს, ეს კითხვები ჰქონდეს, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყება ასეთ კითხვებს სრულად დამაჯერებელ პასუხებს სცემს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ოკუპანტი, აკონტროლებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს, არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვიცით ასევე, რომ ეს კონფლიქტი შეიარაღებული ძალებით, საქართველოს მონაწილეობით ვერ და არ გვარდება. სამწუხარო, ტრაგიკული გამოცდილება დაგვიგროვდა ამ სფეროში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
”აქ საერთაშორისო მექანიზმებს უნდა მივმართოთ. ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ყველას ვთხოვ, დასმულ კითხვებზე პასუხებს მოვუსმინოთ და მერე გავაკეთოთ დასკვნები”, – აღნიშნა მან.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები