აშშ-ს საელჩო ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე – „მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი გამოძიება“

 

საქართველოში ამერიკის საელჩო ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ს საელჩო შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყოს.
”შეერთებული შტატები გმობს შეიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე. ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.
შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები