პროკურორი: ირაკლი ალასანიას დაკითხვის საკითხით დაცვის მხარე სასამართლოს გარეთ აპელირებს

ირაკლი ალასანაის დაკითხვის საკითხით დაცვის მხარე სასამართლოს გარეთ აპელირებს, – ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
“სასამართლოში მათ ეს არ გაუჟღერებიათ. ისინი ამბობენ, რომ ალასანიას დაკითხვა ბრალდებულების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბრალდების მხარემ ის არ დაკითხა. თუ ეს ნამდვილად ასე იყო, ადვოკატებს არა თუ უფლებამოსილება, საკანონმდებლო ვალდებულება ჰქონდათ ირაკლი ალასანია დაეკითხათ და მისი ჩვენება სასამართლოში წარედგინათ. ეს მათ არ გაუკეთებიათ და გამოდის, რომ მათ თავიანთი მოვალეობა თვითონ არ შეუსრულებიათ. ჩვენ დოკუმენტების სახით იმდენად მკაფიო მტკიცებულებები გვქონდა, რომ მოწმეთა ჩვენებას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდების მხრიდან ბრალდებულების უფლებები ბოლომდე იყო უზრუნველყოფილი.
“პროცესუალური ნორმების დაცვას 6 მოსამართლის კონტროლი აქვს გავლილი. პროცესში არ დარღვეულა არც ერთი საკანონმდებლო ნორმა და სახელმწიფო ბრალდების მხრიდან ბრალდებულების უფლებები ბოლომდე იყო უზრუნველყოფილი. არ გვაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე სხვა მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გარდაუვალია, რადგან მოსამართლე იურისტია, მტკიცებულებებს ეყრდნობა, კანონს გვერდს ვერ აუვლის და საზოგადოების აჟიოტაჟს ვერ აჰყვება”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები