“ე.წ. კაბელების საქმეზე ხადურის, ალასანიას და ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროება არ დამდგარა”

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “პოლიტიკაში“ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც შოთაძემ განმარტა ის რაც გამოძებას, შესაძლოა, აინტერესებდეს აღნიშნული პირებისგან, დაცულია შესაბამის დოკუმენტებში და ეს დოკუმენტები პროკურატურის მიერ დართულია სისხლის სამართლის საქმეზე.
„გამოძიება არის კომპლექსური პროცესი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მხოლოდ დანაშაულების ჩადენის ფაქტის დადგენის შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ მივცეთ კონკრეტული პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში, შესაბამისად, ეჭვები და ვარაუდები თითოეულ ადამიანს შეიძლება ბევრი ჰქონდეს, მაგრამ აქ მნიშვნლოვანია მტკიცებულებები, კონკრეტულად რა მტკიცებულებებიც არის სისხლის სამართლის საქმეში. რაც შეეხება დაკითხვის ფაქტს, დაკითხვა არის ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება, ხდება გამოძიების მიერ იმ პირების დაკითხვა, რომელთაგანაც ჩვენ გვაინტერესებს გარკვეული ინფორმაციის მიღება. ამ საქმის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს ამოღებული შესაბამის შესყიდვის განხორციელების დოკუმენტაცია სრულად. შესაბამისად, ამ დოკუმენტაციაში სრულად არის ასახული თითოეული ეტაპი მთლიანად იმ შესყიდვისა, რაზეც ჩვენ ვედავებით კონკრეტულ მსჯავრდებულებს. იმ პირების დაკითხვა, ვიზეც თქვენ მესაუბრებით ამის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა, არ დგას, ვინაიდან ის, რაც ჩვენ შესაძლოა გვაინტერესებდეს ამ პირებიდან დაცული არის შესაბამის დოკუმენტებში, ეს დოკუმენტები ჩვენს მიერ დართული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე, წარდგენილი იქნა სასამართლოში და სასამართლოშიც იქნა გამოკვლეული. ამავდროულად ეს დოკუმენტები ჩვენ პრესრელიზზე თანდართულად გამოვაქვეყნეთ და თითოეულ მოქალაქეს ვინც დაინტერესებულია შეუძლია გაეცნოს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს თავად და ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან გადაწყვეტილება მათ მიიღეს.
“თანხა ხადურის ინიციატივით იყო გამოყოფილი. ხადურმა თქვა, განვიხილეო, მომეწონა წინადადებაო და მთავრობისაგან მოითხოვა 6 მილიონის გამოყოფა. ამ ხალხს თანხასთან წვდომა არ ჰქონიათ”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები