ე. წ კაბელების საქმეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრომ ბაზრის კვლევა გამოცხადა კაბელის შესყიდვაზე, საბოლოო ჯამში კი კაბელის რამდენიმე წვერი შეისყიდეს”, – ასე ეხმაურება კაბელების საქმეს აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია.
“პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას თორდია განმარტავს, რომ აუდიტის სამსახური არკვევდა, თუ რამდენად ობიექტურად წარიმართა ბაზრის კვლევის პროცესი. მისი თქმით, შესწავლის შედეგად დარღვევები აუდიტორებმაც აღმოაჩინეს.
“გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეისყიდა სრულიად განსხვავებული პროდუქტი, რაზეც ბაზრის კვლევა ჰქონდა გამოცხადებული. კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში არ მიეცათ შესაძლებლობა რომ შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე ახალი წინადადები წარედგინათ. ანუ, თავდაცვის სამინისტრომ კვლევა გამოაცხადა მაგისტრალის შესყიდვაზე, რაც წარმოადგენს უძრავ ქონებას, საბოლოო ჯამში, ბაზრის კვლევის პროცესში შეიცვალა ეს მიზანი და შესასყიდ ობიექტად განისაზღვრა კაბელების რამდენიმე წვერი.
შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა მოცემულობა, რადგან სხვა კომპანიებს გარდა “სილქნეტისა”, წინადადება წარდგენილი ჰქონდათ მაგისტრალზე, როგორც ამას თავიდან თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა. მოგვიანებით შესყიდვის საგანი შინაარსობრივადაც და ფინანსურადაც შეიცვალა, დანარჩენ კომპანიებს კი არ მიეცათ საშუალება ახალი წინადადება წარედგინათ, ვინაიდან მათ არ იცოდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო აპირებდა არა კაბელის, არამედ კაბელში განთავსებული რამდენიმე წვერის შესყიდვას.
ჩვენ ვთვლით, რომ თავდაცვის სამინისტროს შეცვლილი პირობების შესაბამისად, თავიდან უნდა დაეწყო ბაზრის შესწავლა და ყველა კომპანიისთვის უნდა ეთქვა რომ აპირებდა არა კაბელის, არამედ გარკვეული რაოდენობის წვერების შესყიდვას. სხვა კომპანიებსაც რომ სცოდნოდათ, ცხადია, მათი წინადადებებიც სხვაგვარი იქნებოდა და ალბათ, უფრო ნაკლებ თანხას წარადგენდნენ. მათ იცოდნენ, რომ კაბელი მთლიანად უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში, თუმცა შედეგად მივიღეთ, რომ კაბელი დარჩა სილქნეტს, თავდაცვის სამინისტროს კი მხოლოდ რამდენიმე წვერი ერგო”, – ამბობს “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას ლაშა თორდია.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობა თავდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსითაც შეეძლო, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავდა საბიუჯეტო სახსრებს.
“ამ სახელშეკრულებო ღირებულების 70-80%-ს შეადგენს ტრანშის ღირებულება, ანუ სადაც იდება ეს კაბელი. რეალურად, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადა გაცილებით ნაკლებ ფასად განახორციელებდა ამ სამუშაოებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსით შეეძლო ტრანშის გათხრა”, – აცხადებს ლაშა თორდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები