გარემოს დაცვის სამინისტრო მარტვილის კანიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარტვილის კანიონში ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ მარტვილის კანიონი არის დაცული ტერიტორია, ბუნების ძეგლი და მისი გასხვისება კანონს ეწინააღმდეგება – შესაბამისად, მისი გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება!
განვმარტავთ, რომ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტზე არსებული უამრავი პრობლემა მოუგვარებელი ვერ დარჩებოდა და იმისთვის, რომ მარტვილის კანიონმა ტურისტული სეზონისთვის ვიზიტორები მოწესრიგებულ, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესატყვის გარემოში მიიღოს, 2015 წლის ნოემბრიდან შენდება ვიზიტორთა ცენტრი ბილიკებით, ხიდებით, ნავმისადგომითა და ყველა აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაცია უტარდება დადიანების ისტორიულ კიბესა და წისქვილს.
კანიონის რეაბილიტაციის და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში, მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად  პირდაპირი წესით გადაეცა შპს „ოფუცხოის,“ რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული. სერვისის გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, რომლებიც, ძირითადად, ვიზიტორთა უსაფრთხოებას უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვს კანიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. შედეგად, მიღწეულია უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური შეთანხმება, როცა სახელმწიფო აფინანსებს და აკეთებს ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, ხოლო მის მართვას იღებს ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კომპანია.

სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი ამ პროცესში დისონანსის შეტანასა და მშენებლობის პროცესის ხელის შეშლას ცდილობს. თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეყოფა გონიერება, არ აჰყვეს ამ პროვოკაციასა და მოემზადოს ტურისტული სერვისის ეფექტური მართვისათვის. ერთობლივი ძალისხმევით მალე ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ კანიონის სტუმრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები