ანი მიროტაძე „კაბელების საქმის“ პოლიტიზებას არ გამორიცხავს

„ეროვნული ფორუმის“ ერთ – ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა, კაბელების საქმის“ პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მოხდეს.
მიროტაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, მან ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ მოხდეს ვითარების გამწვავება.
რაც შეეხება კონკრეტულად “კაბელების საქმეს”, ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გარკვეული შეკითხვები აქ ნამდვილად არსებობს.
„ჩვენ არ ვერევით სასამართლოს შიდა საქმეებში და არ ვაყენებთ მის საქმიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ფაქტია, რომ იქ უფრო მეტი კითხვის ნიშანია ვიდრე პასუხი. ეს იმაში გამოიხატება, რომ პროკურატურის ბრალდებები არ არის არგუმენტირებული – თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნისთვის 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიგვაჩნია, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდება და ფაქტია, რომ ეს თემა ვერ იქნება საზოგადოების ინტერესს მიღმა, ის შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო არჩევნების ფონზე ამან შესაძლოა, კიდევ უფრო აქტიურად გადაინაცვლოს პოოლიტიკურ ჭრილში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ხვალ დაგეგმილი აქვთ აქცია, სადაც აპირებენ ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას. ამის გამო, მივმართეთ პრეზიდნტს, რადგან გვსურს, რომ ასეთ საქმებთან დაკავშირებით თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის მაღლა აწევა და პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების დაპატიმრების ალბათობის გამორიცხვა“, – განაცხადა მიროტაძემ.
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან მურუსიძეც ახსენა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორუმი არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში, ის მიიჩნევს, რომ მურუსიძის მოსამართლის პოზიციაზე ყოფნის პირობებში, სამართლიანობა დაცული ვერ იქნება.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვერევით სასამართლოს საქმიანობაში, თუმცა იქ, სადაც არის მურუსიძე, არ ვარ დარწმუნებული, რომ შესაძლოა, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს. იქ, სადაც ის თითს უქნევს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ემუქრება, რომ მათ შესახებ რაღაც იცის. ასეთი მოსამართლის მიმართ მხარდაჭერა არ მაქვს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პრეზიდენტს გამოეყენებინა მისი უფლებამოსილება იმისთვის, რომ ეს საქმე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები