ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016″ გრძელდება

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ გრძელდება. სწავლების ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში, სირბილში, მკლავჭიდში, ფრენბურთსა და სიმძიმის აწევაში შეეჯიბრნენ.
ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მივიდა.
თინათინ ხიდაშელმა „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში გამართული სპორტული შეჯიბრებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში მხოლოდ ტანკებიდან სროლა არ არის გათვალისწინებული. ასეთი სწავლებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და ურთიერთობა იყოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, როგორც ბრძოლის ველზე არიან ერთად, მაგალითად, იმავე ავღანეთში, ზუსტად ასევე არიან სწავლებაზე ერთად წარმოდგენილნი. ამ სწავლების ნაწილია სპორტული ღონისძიებები. ჩვენ ერთად ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. გვქონდა შესაძლებლობა, გავჯიბრებოდით პარტნიორებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულებიც გამოვედით.”
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრენბურთში, მკლავჭიდსა და სიმძიმის აწევაში პირველი ადგილი დაიკავეს, სირბილსა და ფეხბურთში კი პირველობა ბრიტანელებს ერგოთ. აშშ-ის წარმომადგენლები შეჯიბრებებში მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ. სპორტული თამაშების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეჯიბრების ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება, თუმცა წვრთნების მონაწილეებს შორის მსგავსი სპორტული შეჯიბრება პირველად მოეწყო.
სწავლება ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები