გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად კობა კობალაძის ანგარიშის მოსმენას დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ავჭალის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, კობა კობალაძის მოსახლეობასთან გამოსამშვიდობებელი ანგარიში მოისმინეს.

საღამო, რომელიც სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რიმა ბერაძე მიმართეს, კობა კობალაძის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და პროფესიულ ასპარეზზე წარმატება უსურვეს.
ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა კოლეგებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი სამაჟორიტარო საქმიანობის დროს წამოწყებული ყველა პროექტი მისივე კოლეგებისა და თანაგუნდელების ძალისხმევით წარმატებით გაგრძელდება.
დღესვე, ღონისძიებაზე ავჭალის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი წევრის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც დავით ნარმანიამ სტუმრებს ავჭალის რაიონის შუალედურ არჩევნებში ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” კანდიდატი ბორის ფირცხელიანი წარუდგინა.
საღამოს გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, ავჭალის რაიონის მაჟორიტარი წევრის ბიუროს თანამშრომლები და მოსახლეობა ესწრებოდა. ღონისძიება მუსიკალურად ბავშვთა ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა და სოლო შემსრულებლებმა გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები