სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მეუღლე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, გიორგი ებანოიძის მეუღლე, ანა ირემაშვილი ქურდობისთვის დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “პირველ პრესკლუბში” “სამართლის ახალგაზრდული ასოციაციის” აღმასრულებელმა მდივანმა თეიმურაზ ამაღლობელმა გაავრცელა.
ამაღლობელის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გიორგი ებანოიძის მეუღლე, წინასასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თეიმურაზ ამაღლობელი ვარაუდობს, რომ იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის კოლეგიის ის მოსამართლე განიხილავს, რომლის თავმჯდომარეც ებანოიძეა, შესაძლოა, ანა ირემაშვილის მიმართ კონკრეტული მოსამართლე დადებითად განეწყოს და მიკერძოებული იყოს.
“სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის გიორგი ებანოიძის მეუღლემ, ანა ირემაშვილმა ქურდობა ჩაიდინა და მის მეგობარს ძვირფასეულობა მოჰპარა. აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის ის კოლეგია განიხილავს, რომელსაც გიორგი ებანოიძე ხელმძღვანელობს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გიორგი ებანოიძის მეუღლე წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გირაოს ოდენობა საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. ჩვენ გვინდა, უახლოეს მომავალში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართოთ, რომ დაინტერესდეს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს საქმე იმ ფონზე, როდესაც მას სისხლის სამართლის ის კოლეგია განიხილავს, რომელსაც გიორგი ებანოიძე წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, პროცესი გიორგი ებანოიძის გავლენის ქვეშ ხომ არ ექცევა. კოლეგიალური პრინციპიდან გამომდინარე, კონკრეტული მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, შესაძლოა, ანა ირემაშვილის მიმართ დადებითად განეწყოს. ჩვენ გვინდა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს ლევან მურუსიძემ, რათა უახლოეს მომავალში, საქმის დეტალები საჯარო გახდეს”,- განაცხადა “პირველ პრესკლუბში” თეიმურაზ ამაღლობელმა.
მისივე თქმით, ქურდობის ფაქტი მიმდინარე წლის მარტის თვეში მოხდა.
“სამართლის ახალგაზრდული ასოციაცია” აღნიშნული საქმით დაინტერესებულია და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესებს აქტიურად დაესწროს, რათა მედიას და საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს.
მურღულიას ინფორმაციით, ანა ირემაშვილი 2016 წლის დეკლარაციის თანახმად, გიორგი ებანოიძის მეუღლედ ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები