კახა კოჟორიძე: მე პირადად კონკრეტული საქმეების შეწყალება – არ შეწყალებაში არ ვარ ჩართული

სანამ პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, სამართლებრივი პროცედურების დასრულება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში”, პრეზიდენტის მხრიდან ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი, ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან ინფორმაცია არ აქვს. ”ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. მე პირადად კონკრეტული საქმეების შეწყალება-არ შეწყალებაში არ ვარ ჩართული. არსებობს შეწყალების კომისია, რომელიც დეტალურად სწავლობს თითოეულ საქმეს”, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, ფორმალურად, პრეზიდენტს დღესაც შეუძლია ამ საქმეზე შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. ”ფორმალურად დღესაც შეუძლია შეწყალების განხორციელება, თუმცა, ვიცით, რომ ჯერ სამართლებრივი პროცედურები არ დასრულებულა. მე არ მახსენდება თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ გიორგი მარგველაშვილს ვინმე შეეწყალებინოს მანამდე, ვიდრე დასრულდებოდა საქმის განხილვა სასამართლოში. წინა პრეზიდენტის შემთხვევაში გვახსოვს ასეთი გადაწყვეტილებები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ბაჩო ახალაია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ. მაშინ, პირადად მეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამართლებრივი პროცედურების დასრულება მნიშვნელოვანია, სანამ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, ამ საქმეში ბრალდება არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. ”ეს პოზიცია მქონდა მაშინ, როდესაც ვიყავი საია-ს თავმჯდომარე და ამის განმეორების პრობლემას ვერ ვხედავ ვერც დღეს. ჩემი შეფასებით, ამ პირებს რომ მოენდომებინათ იმ დანაშაულის ჩადენა, რასაც აბრალებენ, მას ვერ ჩაიდენდნენ ფიზიკურად. 182-ე მუხლში წერია თუ რა არის გაფლანგვა. საუბარია რამდენიმე მილიონი ლარის გაფლანგვაზე, მათ ფიზიკურად ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შეეძლებოდათ თუ იქნებოდნენ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონენი თანხის განკარგვასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად იცის, რომ მათ არ შეეძლოთ უშუალოდ მიეღოთ გადაწყვეტილება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები