პრეზიდენტი: პარლამენტი ქუთაისშია, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ აქ პოლიტიკური ცხოვრება უფრო გააქტიურდა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშილის განცხადებით, ქუთაისს ბევრად უფრო მეტი პერსპექტივა სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობა.
პრეზიდენტმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში გადაწყვეტილი იყო, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნილიყო, თუმცა ეს პროექტი ვერ განხორციელდა.
„პარლამენტის თბილისიდან მოწყვეტა, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არის მთავარი სტრუქტურები და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამან საპარლამენტო ცხოვრებას გარკვეული სირთულეები შეუქმნა. ქუთაისის პერსპექტივას, ჩემი აზრით, მეტი სტიმული სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობა. ქუთაისის პერსპექტივა უნდა იყოს გაერთიანებული იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ პროექტებთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი განხორციელდება.
საქართველოში, როგორც სატრანზიტო ქვეყანაში, ბევრად უფრო უნდა გააქტიურდეს ლოჯისტიკური ბიზნესი. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კიდევ უფრო მეტად გვაძლევს ამ შესაძლებლობის გამოყენებას. აქედან გამომდინარე, ქალაქს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური და ბიზნესდატვირთვა. არა მხოლოდ ის, რომ აქ იყოს საკანონმდებლო ორგანო და ამან გარკვეული შემოსავალი მისცეს ქალაქს. არ შეიძლება ქალაქი მარტო აქედან გამომდინარე არსებობდეს. პირველი დღიდან მე მიმაჩნდა, რომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ინვესტიცია და აქ საუნივერსიტეტო პროცესი უნდა განხორციელდეს, რაც გაზრდიდა ჩამოსული ადამიანების, სტუდენტების რაოდენობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ჰქონდა სურვილი, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენებულიყო.
„დღეს ქუთაისს პარლამენტის ბერკეტი გამოაცალო ასე მყისიერად, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ პერსპექტივა ქალაქს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობა. მართალია პარლამენტი ქუთაისშია, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკური ცხოვრება უფრო გააქტიურდა. ეს არის გარკვეული ეკონომიკური შენატანი ქალაქისთვის, მაგრამ უფრო მეტის დაგეგმვაა საჭირო კულტურული თვასაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები