“უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხვალ, 12 საათზე, საპროტესტო აქციას გამართავს

“უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხვალ, 12 საათზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებისგან მათ მიერ შემუშავებული იმ კანონპროექტის განხილვას ითხოვენ, რომელიც უსახლკარო ადამიანებს უკავშირდება.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდა, ისინი პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს „უსახლკარო ადამიანის“ ცნების დეფინიცია.
ორგანიზაციის წევრები, პირველ რიგში, სწორედ ამ ტერმინის დეფინიციას ითხოვენ, შემდეგ კი – ასეთი ადამიანების რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
„გვსურს, რომ აქციით კიდევ ერთხელ მივაპყროთ პარლამენტარების ყურადღება უსახლკაროთა პრობლემებს. ვთვლით, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა უფრო მასშტაბურ და კატასტროფულ ხასიათსაც მიიღებს, თუ არ გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. პირველ ეტაზე კი საჭიროა, რომ კანონმდებლობაში მოხდეს ტერმინ „უსახლკაროს“ დეფინიცია. ვინ არიან ისინი და რა კატეგორიის ადამიანები შეიძლება შედიოდნენ ამ ჯგუფში. მეორე ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარება იქნება, ანუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ გადაწყდება, მაგრამ თუ არ მოხდა ამ საკითხის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა, მაშინ სხვაგვარად კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ“,- განაცხადა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა დავით ხვადაგიანმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე, თამარ იოვაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ქირის გადასახადს 10964 ადამიანს უხდიან. მაშინ, როცა ეს თანხა შესაძლოა სოციალური საცხოვრისის მშნებელობას მოხმარდეს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები