ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, პროკურატურის დელეგაციამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარმა პროკურორმა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გამართა.
ვიზიტის დროს განიხილეს საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმები და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უწყების სპეციფიკა და გამოცდილება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილეს, სალი იეიტსის შეხვდა.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილეს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე ესაუბრა პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რაშიც საქართველოს პროკურატურას აშშ-ს საელჩო საქართველოში აქტიურ დახმარებას უწევს. საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტებსა და საქართველოს პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს.
აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ სალი იეიტსიმ საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები და ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა და საქართველოს პროკურატურის განვითარებაში ექსპერტულ დონეზე მხარდაჭერისა და დახმარების მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დაისახა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ, რომელსაც, მთავარ პროკურორთან ერთად, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი წარმოადგენდნენ, შეხვედრები გამართა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან ჯეიმს კომეისთან, კოლუმბიის ოლქის პროკურორთან ჩენინგ ფილიფსთან, აშშ-ის პროკურორთა აღმასრულებელი ოფისის დირექტორთან მონტი ვილკინსონთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისის წარმომადგენლებთან, კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლე რასელ ფ. ქანანთან და დიპლომატიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გრეგორი სთართან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები