თბილისში თხილის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება

ხვალ, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმი ჩატარდება ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით.
ფორუმის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების და ამ სფეროში დასაქმებული კერძო საწარმოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისათვის, ასევე წარმოების ზრდისა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და დაცვის უზრუნველყოფით.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის წევრები, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; თხილის დარგში დასაქმებული წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, თხილის გადამამუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
”როგორც ცნობილია, საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია. მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობა და ეფექტური საწარმოო პრაქტიკის დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის პოტენციალს დაიკავოს მოწინავე ადგილი თხილის მწარმოებელ და ექსპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს შორის.
ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რის ფარგლებშიც დაგეგმილია საზოგადებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები