ნარმანია კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზაზე: პროექტი დაკორექტირდა გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე

კიდევ ერთი სიცრუე, რაც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჟღერდა, არის ის, რომ ახალი ტერიტორია იყო სახიფათო, რადგანაც იქ გადიოდა ელექტროგადამცემი ხაზები – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ანძა განლაგებულია თითქმის მიუვალ ადგილებზე, სადაც კაპიტალურ მშენებლობას აზრი არ აქვს, ხოლო საფეხმავლო ტურისტული ბილიკების მოწყობა შესაძლებელია.
”ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები არავითარ პრობლემას არ ქმნის ბაღის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ელექტროგადაცემის ხაზები, ნორმატივებიდან გამომდინარე, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ბაღის ბიოლოგიურ გარემოზე. ყველა ანძა განლაგებულია თითქმის მიუვალ ადგილებზე, სადაც კაპიტალურ მშენებლობას აზრი არ აქვს, ხოლო საფეხმავლო ტურისტული ბილიკების მოწყობა შესაძლებელია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისვე თქმით, პროექტი ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო. ნარმანიამ ამ ფაქტორებზე ისაუბრა.
”პროექტი ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, აუქციონში გამარჯვების შედეგად ინვესტორმა აიღო ვალდებულება, შესყიდულ 29 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდეს მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმრო, განაშენიანება მოხდება შესყიდული ტერიტორიის მხოლოდ 7%-ზე (20 000 კვ/მ), სამაგიეროდ ინვესტორი მზად არის მოახდინოს დანარჩენი 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელი დანიშნულებით განვითარება, ტერიტორიის განახლება. რაც ბუნებრივია გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თბილისს შეემატება კიდევ ერთ უნიკალური პარკი“, -აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა, სრული სიცრუეა.
როგორც ნარმანიამ განმარტა, გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა, საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, შემოდგომაზე ეს გზა თბილისელებს ჩაბარდება.
“პროექტი დაკორექტირდა გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე, რისი დოკუმეტებიც ჩვენ ხელთ გვაქვს. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო ერთ მესამედ ნაწილს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტი გახდა უფრო მომგებიანი. არ გაზრდილა ხარჯები“, -განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები