არასამთავრობოების ნაწილი ჯაბა ჯიშკარიანს ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს

არასამთავრობოების ის ნაწილი, რომელიც თბილისის მერის, დავით ნარმანიას გამოსვლის დროს, საკრებულოს სხდომაზე შეიჭრა, დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანს მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების – ”სამართლის თაობა” და ”აპრიორი” წარმომადგენლებმა განუცხადა, მათ სხდომათა დარბაზი ჯაბა ჯიშკარიანმა სწორედ იძულებით დაატოვებინა.
„თავად საკრებულოს დეპუტატი ბრალდებას უარყოფს. ჯიშკარიანი არასამთავრობოებს პრეტენზიებს თავად უყენებს და მათ დებოშში ადანაშაულებს.
”ეს ადამიანები არიან ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო დებოშის ატეხვას ცდილობენ. მე ძალა ნამდვილად არ მიხმარია. ეს არის ადმინისტრაციული შენობა, სადაც ბალ-მასკარადებისა და აქციების მოწყობა არის კანონდარღვევა. ეს არის დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო. ვინც აქ შემოდის და ტონს უწევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვცეთ პატივი.
აქედან გამომდინარე, მე, როგორც დეპუტატმა, მოვუწოდე დაცვის თანამშრომლებს, რომ ამ ადამიანებს დაეტოვებინათ საკრებულოს სხდომათა დარბაზი. აქ არის მობრძანებული დედაქალაქის მერი, რომელთანაც კითხვები აქვთ, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებს და ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი (აქციის მონაწილეები) ცდილობს, დებოშის მოწყობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანებს საკრებულოს საშვები ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მისცა”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას მოსმენა დროებით შეწყდა. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის წარმომადგენლების ხმაურით შესვლა იყო. აქციის მონაწილეთა პლაკატებით გამოჩენას სხდომათა დარბაზში არეულობა მოჰყვა, რის გამოც თბილისის მერი იძულებული გახდა, ანგარიში შეეწყვიტა. დაცვის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი მალევე დაატოვებინეს, რის შემდეგაც დაპირისპირება საკრებულოს დერეფნებში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები