ჩინეთში სასაქონლო ნიშანი „ჭაჭა“ დარეგისტრირდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე ლიუ ჯუნშენს შორის, პეკინში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც 11 მაისს გაიმართა, ესწრებოდნენ ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩი დავით აფციაური და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.
ლიუ ჯუნშენის განცხადებით, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას წინასწარი დადებითი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭას“ რეგისტრაციის შესახებ.
რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებებს – „ხვანჭკარა“, „წინანდალი“, „ქინძმარაული“, მათი რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი უწყებები დამატებით შეისწავლიან.
მხარეები შეთანხმდნენ, გაგრძელდეს კონსულტაციები გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.
მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის მიზნით, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმების ამოქმედება უზრუნველყოფს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების და ჭაჭის უკანონო გამოყენების აკრძალვას, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში წარმოებული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის ექსპორტს. შეხვედრა საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები