ლევან ვასაძე დასავლელ პარტნიორებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მეათე მსოფლიო საოჯახო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დასავლელ პარტნიორებს მიმართა და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და გაერთიანებული, რუსეთთან და დასავლეთთან მეგობრული, ოჯახსა და ტრადიციაზე დაფუძნებული საქართველოს ერთ-ერთმა პატრიოტმა, მინდა, მივმართო ამ ტრიბუნიდან ჩვენ დასავლელ პარტნიორებს – შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე. აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიებსა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.
მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის და ბარაკ ობამას განცხადებების გამო, რომ თურმე, ეროვნული ტრადიციები აღარაა მნიშვნელოვანი და თურმე, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ვასაძემ.
კონგრესი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც დაესწრო.