ახალ პოლიტიკურ ეპოქაში არსებული ძველი პოლიტიკა

ქართული პოლიტიკური პროცესების დინამიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების პასუხი პოლიტიკურ ფუნდამენტშია. მოცემული ფუნდამენტი კი საჭიროებს ახალი პოლიტიკური ჯგუფებისა და ახალი პოლიტიკური რესურსის ფორმირებას.

არსებითია აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი საპარლამენტო არჩევნებია. წესით, არჩევნებმა, საქართველოს პოლიტიკაში, ახალი ხანა უნდა შექმნას, თუმცა  ახალ ხანას ახალი პოლიტიკური რესურსი ქმნის, ხოლო დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი მხოლოდ ძველი პოლიტიკითა და  მიკრო მმართველობებითაა წარმოდგენილი.

ქვეყანაში, არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, მათ შორის შეიძლება აღინიშნოს: ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები,  უთანასწორობა, დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების პრობლემები, იძულებითი ემიგრაცია, შენელებული პროგრესი და სხვა სახელმწიფოებრივი საკითხები. აღნიშნული ასპექტების საფუძველს წარმოადგენს „ძველი პოლიტიკა“ და მისი მოცემულობა, ხოლო ახალი  პრობლემები უნდა განვიხილოთ მის დანამატად.

დღეს, ახალი პოლიტიკური რესურსის არარსებობის გამო, პოლიტიკური გარემო უფრო მუტაციას განიცდის, ვიდრე ახალი პოლიტიკური გარემოს ფირმირებას. შესაბამისად, გლობალური და ლოკალური გამოწვევები განაპირობებს პოლიტიკური ცვლილებებისა  და ახალი პოლიტიკური შესაძლებლობების მქონე რესურსის საჭიროების აუცილებლობას (აღნიშნულ რესურსს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები წარმოადგენს). აღნიშნული ცვლილებები, ქვეყანაში შექმნის ახალ პოლიტიკურ ეპოქას.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ახალ პოლიტიკურ ეპოქაში:

  • წარმოდგენილია „ძველი პოლიტიკითა“ და ძველი პოლიტიკური ტექნოლოგიებით;
  • წარმოდგენილია „მიკრო მმართველობებით“;
  • მაღალია იდეოლოგიური განსხვავებები და საზოგადოებრივი პრეტენზიების ტონი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ;
  • ძველი პოლიტიკა არ არის სიცოცხლისუნარიანი და ჯანმრთელი“;
  • ქვეყნის მართვაში იგნორირებულია მეცნიერ-მკვლევარის რესურსი და როლი;
  • დაბალია საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფო მმართველობაში;
  • საარჩევნო კლიმატს ქმნის ის ძველი პოლიტიკური გარემო, რომლის ფესვები ღრმაა, თუმცა უნაყოფო;
  • დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო, ძველი პოლიტიკის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია (ხოლო იმ პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვების შანსი, ვინც ბურთს გუნდში არ თამაშობს, ფაქტობრივად, ნულის ტოლია);
  • პოლიტიკურ გარემოში არ გვხდება ინოვაციური პოლიტიკური ტექნოლოგიები, ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტები. პოლიტიკური კონკურენცია არ წარმოებს სტრატეგიებითა და პროგრამებით. პოლიტიკურ სივრცეში მაღალ ხმაზე ისმის დაბრალება-ცილისწამების ტონი, ნაცვლად იმისა, რომ კონკურენცია წარმოებდეს სახელმწიფოებრივი იდეების, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და სამეცნიერო- ანალიტიკური აზროვნების მქონე პირების, კანონშემოქმედებითი გეგმებისა და პროექტების საფუძველზე;
  • პოლიტიკური გარემო ვერ/არ იღებს ახალი წევრების დიდ ნაკადს.  შესაბამისად, არც ახალი წევრები ირჩევს პოლიტიკურ ლიდერებს. ამდენად, საარჩევნო პასუხისმგებლობა დაბალია როგორც არსებული პოლიტიკურ არენაზე, ისე „პოლიტიკურ კულისებშიც“.

მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ კონფრონტაციულ გარემოში, სახელმწიფოს საერო და სასულიერო ხელისუფლებამ (უკანასკნელ 25 წელიწადში) ძალები არ დაიშურა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ქვეყნის ზრდა-განვითარების, პროგრესის, უსაფრთხოების, სოციალური უზრუნველყოფის, საზოგადოების კეთილდღეობის, დემოკრატიის, ეკონომიკური და  პოლიტიკური მდგრადობის საქმეში (რა თქმა უნდა, არსებული რესურსის შესაბამისად).

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ძველი პოლიტიკა რესურსამოწურულია. მისდამი ოპტიმიზმს ამცირებს:

  • შეუწყვეტელი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები. მაღალია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა; ეროვნული ვალუტის ლარის ისეთივე გაუფასურება, როგორც არსებული პოლიტიკური გარემოს ;
  • პოლიტიკური კულტურა. პოლიტიკურ სივრცეში არცერთი პოლიტიკური ჯგუფი „არ აღიარებს“ მეორე ჯგუფს, ეჭვქვეშ აყენებს სისტემის მდგრადობას, სკეპტიკურად უყურებს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ეფექტიანობას, არ იზიარებს ერთმანეთის იდეებსა და ინიციატივებს, პოზიტიურ დამოკიდებულებას არ გამოხატავენ ერთმანეთის სიახლეებზე (სახელმწიფოებრივ სიახლეებზე). მსგავსი მიდგომა ქმნის განსხვავებას ფასეულობათა სისტემაში;
  • გამოწვევები პოლიტიკური ნდობაში. საქართველოს საზოგადოება ხედავს ცვლილებებს ნაციონალური ეკონომიკის ზრდაში, ვალუტის კურსში, პროდუქტის ფასებში, შრომის ანაზღაურებისა და დასაქმების „პერსპექტივებში“. შედეგად, ქართული საზოგადოების ოპტიმიზმიც გაუფასურებულია; სახელმწიფო პოლიტიკის საკვანძო საკითხებსა და ვექტორებზე შიდა კონსესუსის მზაობის არარსებობა;
  • პრობლემები სტრატეგიული დაგეგმვაში. ყოველი არჩევნების წინ, ხელისუფლების მიერ დაგეგმვის პროცესში ხალხის ჩართულობის „თხოვნის პროცესი“. რეალურად კი სტრატეგიებზე უცხოელები მუშაობენ (რადგან ვერ ახდნენ საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას);
  • გამოწვევები მსხვილი პროექტების განხორციელებაში. ქვეყანაში მსხვილი პროექტების სიმცირე, ხოლო არსებული, ასეულობით მილიონიანი პროექტების განხორციელება (რომელშიც ქართული კაპიტალია), შეფერხებების ფონზე მიმდინარეობს;
  • ქართული რესურსის უგულებელყოფა. ადგილობრივი საკადრო და ორგანიზაციული რესურსების ათვისების ნაცვლად აქცენტების გადატანა უცხოურ საკადრო რესურსზე; ტენდერებში ქართული ორგანიზაციების უპირატესობის მინიჭების მექანიზმების არარსებობა; სახელმწიფო მმართველობაში ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების როლის უგულებელყოფა;

ყველასათვის ცნობილია, რომ ერთგვარ „კოზირს“ წარმოადგენს სახელისუფლებო სივრცეში ყოფნა. შესაბამისად, პოლიტიკური პოლუსიც სწორედ  ძველ პოლიტიკასა და აქტორებზე გადის. აღნიშნული გზას არ უხსნის ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებსა და რესურსს, ვერ უზრუნველყოფს ახალი პოლიტიკური შესაძლებლობების წარმოჩენას.

ძველი პოლიტიკა  გავლენას ვერ ახდენს საზოგადოების ინტეგრირების, მეცნიერ-მკლევარების მმართველობაში ჩართულობის, სახელმწიფოს მიერ სამეცნიერო რესურსის  გამოყენების, პოლიტიკური რეფორმირებისა და პოლიტიკური ეკოსისტემის  განვითარების პროცესზე.

 

რეკომენდაციები

რთულია, წინასწარ შეაფასო არჩევნებში მონაწილე კონკრეტული პირი კერძო მიზნებით ერთვება პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის იდეალებით, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლებაში სწრაფვა, ნაციონალური პასუხისმგებლობისა და პრაგმატული პოლიტიკის მიუღწევლობის სამართლებრივად გამკაცრების პირობებში, ქვეყანაში „აღმოცენდებიან“ ახალი პოლიტიკური ლიდერები და ფორმირებული იქნება ახალი პოლიტიკური კულტურა.

გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკა არასდროსაა სტატიკური, ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიტიკური გარემოს ხედვა (აუცილებლად) არ წარმოადგენს მომავლის მოდელს.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის პირობებში, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელია ხალხი და არა არჩევნებში მონაწილე პარტიები და პირები. თუმცა, საქართველოში,  დემოკრატიის ფორმირების  პირობებში, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკისრია. არჩვენების შედეგები არის პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ერთგვარი სკრინინგის პროცესი.

დღეს, საზოგადოება გრძნობს, რომ პოლიტიკური პროცესები გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ ეკოსისტემაზე (სურვილის მიუხედავად). შედეგად, ქვეყანაში, ფორმირდება ერთგვარი „მიკრო მმართველობა“.

შესამისად, ახალმა პოლიტიკამ, ახალი პოლიტიკური ჯგუფებით უნდა შეძლოს ერის პოლიტიკური მობილიზაცია, შეცვალოს „დინასტიური ფესვების პოლიტიკა“ და შექმნას მძლავრი სახელმწიფო სისტემა.

გლობალურ კონფრონტაციულ გარემოში, საქართველომ პოლიტიკურ ვექტორებზე მაღლა უნდა დააყენოს მყისიერი შედეგები და მიღწევები, რეგიონული ლიდერობა და გავლენა, სახელმწიფო სისტემის ძლიერება და საზოგადოების პოლიტიკური კოორდინირება.

ჩვენ, სულის სიღრმეში გვჯერა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური რესურსი (ძველიც და ახალიც) მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მშენებლობის სურვილით, მაგრამ რამდენად ქმნის პრაგმატულ პოლიტიკას, მეტყველებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ამყარებს ჩვენს ჯანმრთელ სკეპტიციზმს და ავლენს ახალი პოლიტიკური რესურსის საჭიროებას. აღნიშნულ რესურსს კი ახალგაზრდა  მეცნიერ-მკვლევარები უნდა წარმოადგენდნენ.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები