კომპოზიტორთა კავშირის წევრი: კომპოზიტორთა სახლში ნამდვილად საეჭვო და უკანონო დაწესებულება არსებობს

19 ქართველ კომპოზიტორს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის გამო შესაძლოა, მძიმე ბრალდება წაუყენონ.
ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და არასამთავრობო ორგანიზაციების იმ განცხადებას იმოწმებს, რის მიხედვითაც ცნობილი კომპოზიტორის შვილს, კახა ცაბაძეს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში სდებენ ბრალს.
საუბარია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომპოზიტორთა სახლის შენობაზე, სადაც 600 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი 2014 წელს არაბ ბიზნესმენს გადაეცა კაფე-ბარის მოსაწყობად, თუმცა ცალკეული პირები ამტკიცებენ, რომ კომპოზიტორთა სახლში რეალურად საროსკიპოა გახსნილი, სადაც არასრულწლოვან გოგონებს სხეულით ვაჭრობას აიძულებენ.
„პრაიმტაიმისთვის“, ასევე, ცნობილი ხდება, რომ კახა ცაბაძეს კომპოზიტორთა ნაწილი უპირისპირდება, რომლებსაც ამ ბრალდებებში ეჭვი არ ეპარებათ და კომპოზიტორთა კავშირიდან ცაბაძის გარიცხვას ითხოვენ.
გამოცემა კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის ერთ-ერთ წევრს ბარამ ბარამიძეს ესაუბრა, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპოზიტორთა სახლში ნამდვილად საეჭვო და უკანონო დაწესებულება არსებობს.
„2008 წლამდე ეს ფართი გაქირავებული იყო კაზინოზე. ამ საქმეშიც ცაბაძე იყო გარეული და ის მონაწილეობდა ამ კომერციულ გარიგებებში. კაზინოდან დიდი შემოსავალი არ იყო, სადღაც, თუ არ ვცდები, 1500 დოლარზე იყო საუბარი, მაგრამ ამ თანხის აღებასთან დაკავშირებითაც სულ დავა ჰქონდათ ცაბაძეს და კაზინოს მეპატრონეს, რომელსაც სპილო ერქვა, ფიზიკურად დიდი კაცი იყო და ასე მიმართავდნენ.
შემდეგ ეს კაზინო დაიხურა და კახა ცაბაძემ შეგვკრიბა გამგეობის წევრები, სადაც განაცხადა, რომ იპოვა ახალი ინვესტორი, ვინც ჩვენი კომერციული ფართით იყო დაინტერესებული და კაფე-ბარის მოწყობა უნდოდა. მანვე გვითხრა, რომ ის იყო არაბი ბიზნესმენი და გადაგვიხდიდა 12 ათას დოლარს, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა, ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, ცოტა დაუჯერებელიც, მაგრამ ის გვარწმუნებდა, რომ ნამდვილად ამ თანხას გადაგვიხდიდნენ და მოითხოვა, გამგეობას მხარი დაეჭირა ამ საკითხისთვის. ვენდეთ და მხარი დავუჭირეთ.
კახა ცაბაძემ მოაწესრიგა დოკუმენტები, რომელიც ჩვენ არ გვინახავს და ასე გააფორმეს ხელშეკრულება. ამის შემდეგ ინვესტორმა აითვისა ეს ფართი და მუშაობდა, მაგრამ ერთ დღესაც დავდექით გამაოგნებელი რეალობის წინაშე, როცა უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იქ არსებობდა საროსკიპო და სხეულით ვაჭრობას ჰქონდა ადგილი.
ეს იყო თავზარდამცემი ამბავი და ყველა ვითხოვდით პასუხებს კითხვებზე. თუმცა ვერ მივიღეთ. ერთადერთი, ცაბაძემ რაც გააკეთა, პოლიცია გამოიძახა და კაფე-ბარი დაათვალიერებინა.
კახა ცაბაძემ პოლიცია მაშინ გამოიძახა, როცა ამბავი გახმაურდა. ჩვენ უკმაყოფილონი დავრჩით ამ ფარსით, თუმცა კომპოზიტორებისა და გამგეობის წევრების პროტესტმა შედეგი მაინც გამოიღო და ინვესტორი იძულებული გახდა, წასულიყო, რაც შემდეგ საეჭვოდ მივიჩნიეთ.
ფაქტია, რომ წავიდა, მაგრამ კახა ცაბაძემ იმდენი ქნა, 2014 წელს უკან მოაბრუნა და მან იგივე საქმიანობა გააგრძელა ჩვენს კედლებში.
მე ვიყავი შესული ერთხელ. როგორც გავარკვიე, გვიან ღამით იწყებდნენ მუშაობას, ინთებოდა წითელი ჩირაღდნები, შემოსასვლელში იდგა ნახევრად შიშველი მანეკენი. ვცადე შესვლა, მაგრამ ვერ შევედი. 80 წელს გადაცილებული კაცი ვარ და არ შემიშვეს.
მე წარმოვადგინე სასამართლოში ფოტოები, სადაც დასტურდება, რომ კომპოზიტორთა სახლში ნამდვილად საეჭვო და უკანონო დაწესებულება არსებობს.
ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს კახა ცაბაძე და ცილისწამებისთვის სასამართლოში დავობს.
„იცით, რა? ჩვენი ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია ნაქირავებ ბინაში გარდაიცვალა და ბინის მეპატრონე უნდა დაესაჯათ? თქვენ მიერ გაქირავებულ ბინაში რომ ვინმე მოკლან, თქვენ ხართ მკვლელი? მეც იქ დავდგები, სადაც კანონი იქნება. თუ ასე წავიდა საქმე, მე ვიბრძოლებ მათი უფლებებისთვის. რას ჰქვია, დაისაჯოს ვიღაც“,-განაცხადა ცაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები