სახალხო დამცველი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს.
როგორც სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები თავიდანვე არსებობდა.
„ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი დაედო საქმეს, რამაც შეზღუდა ადვოკატების წვდომა მასალებზე. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეს, განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც კითხვის ნიშნები ამ საქმეზე თავიდანვე არსებობს. აქ საუბარია, რამდენად არის დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვნახოთ მტკიცებულებები, ამიტომ ეს ყველაფერი არის განსახილველი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დღეს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები