ვინ აფერხებს სვანეთში ოქროს ძიება-მოპოვების პროცესს – ამერიკული კომპანია საქმის გამოძიებას ითხოვს

ამერიკული კომპანია „ოპტიკალ სისტემსის“ იურიდიული კონსულტანტის ირაკლი გვილიას განცხადებით, სვანეთში, კომპანიის სამუშაოები, რომლებიც ოქროს ძიება-მოპოვებასთან არის დაკავშირებული, გარკვეული ჯგუფების ორგანიზებით შეგნებულად შეფერხდა. მისი განცხადებით, იმ ადამიანების უკან, რომლებიც რეგიონში კომპანიის საქმიანობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს კომპანია სამუშაოებისთვის ციანიდსა და სხვადასხვა სახის მჟავეებს იყენებს, შესაძლოა, გავლენიანი პიროვნებები იდგნენ.
როგორც გვილიამ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეცდომაში შეყვანილმა სოფლის მაცხოვრებლებმა კომპანიას ინსტრუმენტებიც კი დაუზიანეს, რომლებიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. კომპანია სამართალდამცავებისგან საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს, რათა ინვესტორებს მათი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ.
„ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ კომპანიის საქმიანობას, ძირითადად, მესტიიდან და მიმდინარე სოფლებიდან ჩამოსულები იყვნენ. ხაზს ვუსვამთ, რომ იქიდან, სადაც ჩვენ ვაწარმოებთ სამუშაოებს, მოსახლეობა არ გამოსულა. ჩვენი კომპანია დიდ თანხებს დებს ეკონომიკაში. ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას, შესაბამისად, მათ ამ ყველაფერთან პრობლემა არ აქვს. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ შხამ-ქიმიკატებს არ ვიყენებთ და კანონს არ ვარღვევთ. ეს ადამიანები კი გვაბრალებდნენ, თითქოს ურანს მოვიპოვებთ და ციანიდს ვიყენებთ. ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ ეს ასე არ იყო, თუმცა ეს პროცესი იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია. ამ პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშობდნენ. დაარბიეს კომპანიის საველე ბანაკი და დააზიანეს ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. აღსანიშნავია, რომ ამით, რა თქმა უნდა, ხელი ეშლება ინვესტორს“,-განაცხადა იურისტმა.
მისივე განცხადებით, კომპანიის ექსპერტებს აქვთ ის კონკრეტული ფოტომასალა, საიდაც ჩანს, თუ ვინ მიიღო უშუალოდ მონაწილეობა მუშების ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მათ უკვე მიმართეს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სამართალდამცავები ამ საკითხს უმოკლეს დროში გამოიძიებენ და იმასაც დაადგენენ, ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე, სვანეთში, ოქროს მოპოვების სპეციფიკაზე უფრო დეტალურად გეოლოგმა ბადრი გალდავამ ისაუბრა. კომპანიის იურისტის მსგავსად, მანაც გამორიცხა ის ფაქტი, რომ კომპანია სვანეთში ციანიდს, და სხვადასხვა სახის მჟავებს გამოიყენებს. გალდავა საზოგადოებაში გავრცლეებულ იმ აზრსაც გამოეხმაურა, თითქოს კომპანია ურანის ძიებით არის დაკავებული. მისი განმარტებით, ურანი საქართველოში არ მოიპოვება და ამ კუთხით ის ყველაზე სტერილური რეგიონია. „სვანეთში მოპოვებული ოქრო ეს არის ქვიშაში არსებული მექანიკური ნარევი, არსად მსოფლიოში, ასეთი ტიპის ოქროზე ციანიდი და მსგავსი მჟავები არ გამოიყენება, რადგანაც ეს არის ყველაზე მარტივად დასამუშავებელი ოქრო. ოქროს მოპოვების საკითხში, მსგავს ოქროს მთელი მსოფლიოს ბაზარზე მხოლოდ 7-8 პროცენტი უჭირავს საქართველოში კი ასეთი სახის ოქრო ქვიშაში ბლომად არის“, – განაცხადა გალდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები