გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით

ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის და არა კონფრონტაციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებს ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩაატარებს, როგორც ეს წინა ორი არჩევნების შემთხვევაში შეძლო.
”სულ მალე ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. მოგეხსენებათ, კოალიციის სუბიექტებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად იყარონ კენჭი არჩევნებში. ეს სავსებით ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესია. მინდა დღეს მადლობა ვუთხრა ყველას, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს ურთულესი პერიოდი. დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეთ და ჩვენს ხალხსაც მიეცეს მეტი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის და არა კონფრონტაციის პირობებში. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით. ჩვენ ეს შევძელით წინა ორ არჩევნებში და შევძლებთ ახლაც. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და საარჩევნო კამპანიის თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვისაც საქართველოს უკეთესი მომავალი სურს”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები