ეკა ბესელია: ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ სასამართლოს გაძლიერებაზე

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების მთავარი მოტივაცია არა სასამართლოს დასუსტება, არამედ პოლიტიკური გავლენისგან მისი სრულად გათავისუფლებაა.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროექტის საბოლოო ვერსიაში ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკულად ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია.

”სრული გულწრფელობით შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებების მთავარი მოტივაცია არის არა სასამართლოს დასუსტება, არამედ სასამართლოს სრულად გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან. სასამართლოს, სამწუხაროდ, ჰქონდა ასეთი ტვირთი. ჩვენ გვინდა მას ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა. ამის დამადასტურებელია ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს თავად ეს სასამართლო, რაც პირველად ხდება და მასში არ ჩაერევა არც პრეზიდენტი, არც პარლამეტი, არც უზენაესი სასამართლო – მოგეხსენებათ, აქამდე ეს იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აღარ მოხდება მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ხელოვნურად გაზრდა, საქმეების ხელოვნურად გაჭიანურება და იარსებებს 10- წლიანი კონსტიტუციური ვადა. მოსამართლეს ეცოდინება, რომ 10 წლის მერე აღარ გაუგრძელდება ვადა და, შესაბამისად, ის ხელოვნურად საქმეს არ გააჭიანურებს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, პარლამენტარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საარჩევნო დავებთან, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია.

„ჩვენ ვენდობით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ დღეს ორ მოსამართლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, შეაჩეროს ნორმა, მიიღოს გადაწყვეტილება კანონის გაუქმებაზე, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება. ეს ნდობას გაზრდის, ეს სტაბილურობასაც ხელს შეუწყობს”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო.

”ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიფიქროთ ამ სასამართლოს გაძლიერებაზე”, – აღნიშნა ბესელიამ.

პარლამენტმა დღეს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები