რა კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს სანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონებაზე?

მოძრაობა „ეროვნულობის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, 4 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე, სადაც ცესკომ ქორწინების თემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის საკითხი უნდა განიხილოს, უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრეგაძემ ცესკოზე გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, რომ არა უცხოეთიდან და გარკვეული არასამთავროებო ორგანიზაციების, მათ შორის ლგბტ ორგანიზაციების მხრიდან გამოჩენილი აქტიურობა და ზეწოლა, ცესკო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა და ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდებოდა. ბრეგაძის განცხადებით, ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საკითხი დროში  ხელოვნურად გაიწელა.
„გადაწყვეტილების მიღება იმიტომ გაიწელა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებზე ლგბტ თემის, ჰომოსექსუალთა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა. თუ დღევანდელ სხდომაზე უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებენ, კვლავ ღიად დარჩება ის საკითხი, დაკანონდება თუ არა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება.
ჩვენ გვაქვს სერიოზული იურიდიული კაზუსი და ეს არის კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს შორის შეუსაბამობა. კერძოდ კი ხვალ, ზეგ, ან ნებისმიერ სხვა დროს, ნებისმიერი იურისტის მიერ დაწერილი ნორმალური სარჩელი შეიძლება გაუქმებული იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ეს, რა თქმა უნდა, საშიშროების შემცვლელია. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, რომლებიც აცხადებენ, რა საჭიროა იმ შესწორებების მიღება, რადგანაც ორგანულ კანონში ანალოგიური რამ არის ჩაწერილიო.
თუ ასეთი უმნიშვნელო საკითხი იყო, მაშინ გამაგებინეთ, რატომ არის ასეთი ამბავი და რატომ არის ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა განსკაუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან.
პირდაპირ გეტყვით, მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობდა სერიოზული კონსულტაციები და მეგობრული შეხვედრები იგივე ჰომოსექსუალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ტიპის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მათთვის ეს საკითხი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ის, რომ დღეს ჩვენ გვეტყვიან უარყოფით პასუხს, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცი, რომ დიდი ზეწოლა იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებზე, რაც სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ მანიშნებელი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ხშირ შემთხვევაში კარგად დაფინანსებული, გარკვეული უმცირესობების ნება-სურვილით იმართება. მინდა ყველამ იცოდეს, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ასევე ხელისუფლებამ, რომ, პირველ რიგში, ისინი საქართველოს მოსახლეობის წინაშე არიან ვალდებულნი და შემდგომ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მატერიალურ წახალისებას აძლევენ, ან რომლებსაც ისინი გარკვეული მექანიზმებით ჰყავთ „დაჭერილი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები