ვახტანგ გომელაური: თუ დასასჯელი იქნება ესა თუ ის ადამიანი, დაისჯება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პროკურატურა გააკეთებს.
როგორც პარლამენტში ყოფნისას გომელაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტარებისას განუცხადა, კადრების გავრცელების საქმეში სუს-იც აქტიურად არის ჩართული.

„ამ საქმეს პროკურატურა იძიებს, როგორც მოგეხსენებათ, გამოძიებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩართულები ვართ, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამ მიმართულებით, კადრების გავრცელების საქმეზე, თუმცა მე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, გამოძიებიდან გამომდინარე.
ალბათ თუ იქნება საჭირო, პროკურატურა გააკეთებს ამაზე განცხადებას. პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით, ოპერატიულ გადაფარვას ვაკეთებთ“, – განაცხადა გომელაურმა.
სუს-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ასევე ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიმართ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საკითხსაც. მისი თქმით, თუ დასასჯელი იქნება ესა თუ ის ადამიანი, დაისჯება.
„პროკურატურას მიმართეს მაშინ… მე ხშირად მესმის, რომ არის ფარული მიყურადება, ფარული თვალთვალი, თუმცა ერთი ფაქტიც არ არსებობს ჯერ… მზად ვარ, რომ პროკურატურაში მიიტანონ, პასუხი ვაგოთ ამ ყველაფერზე და თუ დასაჯელი იქნება ესა თუ ის ადამიანი, ის ადამიანი დაისჯება, ეს არაერთხელ მომხდარა, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – დასძინა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები