“სამწუხაროდ, ვერ შედგა ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება, ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ ჩამოსვლას”

“სამწუხაროდ, ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა.
სუს-ის უფროსს დეპუტატებისთვის დღეს უწყების საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა. იქიდან გამომდინარე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა სესიის დასრულებამდე გაგრძელდა, სუს-ის ანგარიშის მოსმენა, რომელიც მეორე საკითხად იყო ჩანიშნული, ვერ გაიმართა.
„დღეს ერთ-ერთ მთავარ კანონს განიხილავდნენ და არ ეგონათ, რომ ასე, ამ დრომდე გაიწელებოდა, დრო დასჭირდებოდა, ხვალ კიდევ გრძელდება ამ კანონის განხილვა, სამწუხაროდ, მეორედ ჩამოვედი, მე პატივს ვცემ პარლამენტს, კანონებს, ერთხელ ვიყავი ჩამოსული, ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რადგან იყო ათასი მითქმა-მოთქმა, რომ არ მოვიდა, წავიდა, არ დაესწრო. კიდევ მეორედ ჩამოვედი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, გუშინწინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა, იყო ძალიან კარგი შეფასებები ჩვენი კოლეგა სტრუქტურების პირველი პირებისგან. მინდოდა ესეც გამეჟღერებინა ამ ტრიბუნიდან, რომ ყველას გაეგო, რას ვაკეთებთ, რა მიმართულებით ვმუშაობთ. სამწუხაროდ, ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოხსენება. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ, შეხვედრები დაგეგმილია, სტუმრები გვყავს, უცხოელები ჩამოდიან, შევეცდები, რომ ჩამოვიდე უახლოეს დროში. მოდით, პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ, ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, სპეციალურად ჩაშალეს თუ არა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები