თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 14 წევრი უნდა აირჩიონ.
არჩევნები 10:00 საათიდან დაიწყო. უნივერსიტეტში შვიდ ფაკულტეტზე გახსნილია შვიდი საარჩევნო უბანი. რამდენიმე ამომრჩეველმა უბნებზე ხმა უკვე მისცა.
როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი დვალიძემ განუცხადა, თითოეულ ფაკულტეტს შეიძლება რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს , მაგრამ მათგან აკადემიურ საბჭოში ორი წევრი უნდა აირჩიონ.
„შვიდი ქვემოკომისია შემაჯამებელ აქტებს არჩევნების დასრულების შემდეგ გადმოგვცემს და საბოლოო აქტს თსუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოსცემს. საბოლოო შედეგი დღესვე გამოცხადდება და არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები დღესვე დასახელდებიან“, – განაცხადა ირაკლი დვალიძემ.
უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესი 17:00 საათისათვის დასრულდება და ამის შემდეგ კომისია ხმების დათვლას დაიწყებს.
თსუ-ში აკადემიურ საბჭოს არჩევნებში 33 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, საიდანაც 726 აკადემიური პერსონალია, 65 – სტუდენტი. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. მათგან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ერთმა კანდიდატმა კი თავად გააუქმა განაცხადი.
11 მაისს არჩევნების ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა. არსებულ აკადემიურ საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდებათ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები