თსუ-ში დღეს აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები გაიმართება.
როგორც „კვირას“ თსუ-დან აცნობეს, არჩევნებში 33 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პირველ ეტაპზე აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან 2-2 წევრს (სულ 14 წევრი) აირჩევენ. საარჩევნო უბნები შვიდივე ფაკულტეტზე გაიხსნება. თსუ-ს საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი (726 აკადემიური პერსონალი, 65 სტუდენტი) მიიღებს მონაწილეობას.
არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) წარმომადგენლები და ინდივიდუალური დამკვირვებლები დააკვირდებიან.
თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 28 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა, აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ერთმა კანდიდატმა თავად გააუქმა განაცხადი. თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებულ აკადემიური საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები