ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ აქციას გამართავს

„მოგვეცით უსახლკაროთა შესახებ კანონი!“ – ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ 19 მაისს აქციას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა განუცხადა, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, თორემ უსახლკაროთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
„ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი უსახლკაროთა შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. 2016 წლის 27 აპრილს ევროპარლამენტმა გამოსცა დეკლარაცია უსახლკაროთა შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა და წევრობის მსურველმა სახელმწიფოებმა უნდა მოაგვარონ უსახლკაროთა პრობლემები.
ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტის ყველა ფრაქციას და ყველა კომიტეტს, შევხვდით ბატონ ხუნდაძეს. ორი თვის წინ დაგვირეკეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტიდან და ალბათ უახლოეს ხანებში შევხვდებით მათაც. სხვა ფრაქციებიდან კი არ გამოგვხმაურებიან. წერილი გაგზავნილია პრემიერ-მინისტრის სახელზეც, მაგრამ არც პრემიერის ადმინისტრაციიდან არის ამ დრომდე რაიმე პასუხი. დრო აღარ ითმენს, საჭიროა სწრაფი რეაგირება, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია და ბენეფიციარები, რომელთა რიცხვი დღითიდე იზრდება, 19 მაისს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 12 საათზე გავმართავთ აქციას. ჩვენ მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და პარტიას, მოვიდნენ და დაგვიჭირონ მხარი. აქცია, რომლის ერთადერთი მოთხოვნაც იქნება – „მოგვცენ უსახლკაროთა შესახებ კანონი“ იქნება ძალიან ხმაურიანი“, – აცხადებს თამარ იოვაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები