ხვალ თსუ-ში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები გაიმართება

ხვალ, 10.00 საათიდან 17:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები გაიმართება, სადაც 33 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
პირველ ეტაპზე აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან 2-2 წევრს (სულ 14 წევრი) აირჩევენ. თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები შვიდივე ფაკულტეტზე გაიხსნება.
თსუ-ს საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი (726 აკადემიური პერსონალი, 65 სტუდენტი) მიიღებს მონაწილეობას. არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) წარმომადგენლები და ინდივიდუალური დამკვირვებლები დააკვირდებიან.
თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 28 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა, აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ერთმა კანდიდატმა თავად გააუქმა განაცხადი. თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებული აკადემიური საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები