დავით უსუფაშვილი: თუ სტალინის ძეგლს რომელიმე თვითმმართველობა, ან სახელმწიფო სტრუქტურა წამოჭიმავს, ეს უკვე პრობლემაა

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ სტალინის ძეგლს რომელიმე თვითმმართველობა ან სახელმწიფო სტრუქტურა წამოჭიმავს, ეს უკვე პრობლემაა.
დავით უსუფაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამიჩეკთან ერთად, საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე:
”აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე – პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან“.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, ხომ არ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არსებული პრორუსული განწყობები.
”ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვსურს თავისუფლება ამ ქვეყანაშიც შეუქცევადი იყოს. ჩვენ არ უნდა შეგვაშფოთოს, თუკი ადამიანები გამოთქვამენ განსხვავებულ მოსაზრებებს – ევროპაში ეს არ უკვირთ. მთავარია, ისე არ დაგვემართოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ პროპაგანდას. თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რა მოხდა, მხოლოდ 7, 10 ან 12 პროცენტია ის ხალხი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას მხარს უჭერს, მაგრამ მეორე უკიდურესობაც არ უნდა დაგვემართოს და არ უნდა დავისახოთ მიზნად მათი 0%-მდე დაყვანა. ეს ყველას დაგვაზარალებს.
ობიექტურად, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სტალინი გმირია. გუშინ მქონდა შეხვედრა ომის ვეტერანებთან და მოვიდა ერთ-ერთი, რომელსაც ერთ ხელში სტალინის სურათი ეჭირა, მეორეში – ჩემ მიერ შარშან გაგზავნილი მილოცვის სიგელი და მითხრა, როგორ ძალიან ვუყვარვართ ორივე. მე იქ არ დამიწყია კამათი ამ ძალიან ღვაწლმოსილ და მხცოვან ადამიანთან, მაგრამ სტალინის ძეგლს თუ სადმე რომელიმე თვითმმართველობა ან სახელმწიფო სტრუქტურა წამოჭიმავს, ეგ უკვე პრობლემაა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები