თამარ ჟვანიამ ორი წლის განმავლობაში, ანაზღაურების სახით 329 520.55 ლარი აიღო

ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 520.55 ლარი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2011-15 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელ პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობა შეისწავლა, რომელიც დღეს მედიას „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური ოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება.
მაგალითად, ზურაბ ხარატიშვილს 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე ანაზღაურების სახით 320 271 ლარი აქვს აღებული, აქედან თანამდებობრივი სარგო არის 168 156 ლარი, პრემია – 82 322 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 69 793 ლარი.
აღნიშნულ პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 90,5% შეადგინა. რაც შეეხება ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329 520.55 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგო არის 165,123.55 ლარი, პრემია – 66 762 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი 97 635 ლარი. ”სამართლიანი არჩევნების” განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99,6% შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა მსგავსია ცესკოს სხვა თანამდებობის პირებისა თუ წევრების შემთხვევაშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები