“პროგრესული საქართველო” ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარის, ბექა სამუშიას განცხადებით, დღეს საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხია.
მისი თქმით, “პროგრესული საქართველო” იწყებს კამპანიას, სახელწოდებით, “ახალგაზრდები ევროინტეგრაციისთვის”, რომელიც ეროპული ღირებულებების უკეთ წარმოჩენასა და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას შეუწყობს ხელს.
“კამპანია გულისხმობს, ზოგადად, ახალგაზრდებისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ინტეგრაციის საკითხებში. ამას გარდა, ვიზალიბერალიზაციაზე მოსალოდნელ დადებით შედეგთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, ასოცირების ხელშეკრულების გაცნობას და სხვა”, – განაცხადა სამუშიამ “პირველ პრესკლუბში”.
მისი თქმით, კამპანიის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომელიც ევოპული ღირებულებების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
“გამოჩნდენ ახალი სახეები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან რუსული იდეების პროპაგანდას. მიგვაჩნია, რომ ეს კამპანია სწორედ ასეთი ადამიანების საქმიანობის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ვაპირებთ, ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის”, – განაცხადა სამუშიამ.
“პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სტუდენტურ გაერთიანებებს, მოქალაქეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის საკითხები, ჩაერთონ ამ მოძრაობაში.
“დღეს, 13:00 საათზე, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები, მეგობრები, გავმართავთ ხეთაგუროვის ქუჩიდან მსვლელობას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისამდე. გვექნება ბანერები, წარწერებით – ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე დროშები და ბოლოს, ოფიციალური წერილით გვინდა, მივმართოთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს. წერილში საუბარია ჩვენს დამოკიდებულებაზე ევროკავშირთან მიმართებაში. გვინდა შევთავაზოთ სამომავლო პარტნიორობა ამ კამპანიის ფარგლებში”, – განაცხადა სამუშიამ.
“პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარის თქმით, კამპანია 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და კამპანია როგორც დედაქალაქს, ისე რეგიონებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები