გელა დუმბაძე ქართველ ემიგრანტებს ბოდიშს უხდის

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ქართველ ემიგრანტებს ბოდიშს უხდის. მინისტრი გაზეთ „კვირის პალიტრის“ 6 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ სათაური კონტექსტიდან „ამოგლეჯილი“ ციტირება იყო, რომელიც რედაქციის მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული.
„მართალი გითხრათ, “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაური რომ წავიკითხე, უაღრესად შევწუხდი. რადგანაც, თუნდაც ამ ერთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ წინადადებაში წარმოჩენილი პათოსი, რადიკალურად ეწინააღმდეგება ჩემი საუბრის სტილს და ზოგადად, – ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. ჩემი ყოველდღიური საქმანობის წამოებისას, საჯარო გამოსვლებისას, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იქნება ეს, თუ სხვადასხვა უამრავი ფორუმი: უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შრომასა და ღვაწლს მუდამ სოციალურ გმირობას ვადარებ. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი, განსაკუთრებით ქალბატონები, უდიდეს ძალისხმევას იჩენენ, საქართველოში უამრავი ოჯახის შესანახად. სწორედ მათ მხრებზე გადაიარა ჩვენი ქვეყნის ურთულესმა წლებმა. აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული დაფასების და პატივისცემის ღირსნი არიან.
უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრისას, სწორედ მათდამი გამოვლენილი გულწრფელი პატივისცემა და მათ წინაშე არსებული პრობლემატიკის მოგვარებისადმი მიმართული თანამიმდევრული ძალისხმევა იქცა ჩვენი ურთიერთნდობის და მეგობრობის საწინდარად. ლოგიკურია, ხსენებული ინტერვიუს დასაწყისში წარმოჩენილი პათოსი ვერაფრით შეესაბამება და ოდნავაც არ ასახავს ჩვენი საქმიანობის პრინციპებს და თანამემამულეებისადმი დამოკიდებულების სულისკვეთებას. გულწრფელად განვიცდი და ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც თუნდაც ინტერპრეტირებული ფრაზის გამო გული ეტკინა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვთხოვ, გაეცნონ ამ ინტერვიუს. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი სტატიაში სწორ გზავნილებს და კეთილგანწყობას ამოიკითხავს. ჩვენი სამინისტრო, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოსაჩენად, ყოველღიურ რეჟიმში აგრძელებს ფართო პროფილის საქმიანობას. პოზიტიური შედეგი კი, მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და კონკრეტული საქმეების ობიექტური შეფასების ფონზეა შესაძლებელი “, – აცხადებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 5 მაისს გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინტერვიუ სათაურით – “თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო” გამოაქვეყნა. მინისტრის ამ ინტერვიუს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართველი ემიგრანტების მხრიდან.
ემიგრანტები განსაკუთრებით ინტერვიუს იმ ნაწილმა გააღიზიანა, სადაც მინისტრი გელა დუმბაძე უცხოეთში ქართველების საქმიანობის შესახებ საუბრობს.
„იმ საქმით, რითაც ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში არიან დაკავებულნი, საქართველოშიც შეიძლება დასაქმდე. თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს თუნდაც მესამედ შემოსავალს“, – აცხადებს გელა დუმბაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები