ნონა გაფრინდაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ქვა იმან ესროლოს, ვისაც მასზე მეტი აქვს გაკეთებული

ნონა გაფრინდაშვილმა პოლიტიკური არჩევანი უკვე გააკეთა – „ჩემთვის „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია“ – აცხადებს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვარსკვლავი გაუხსნეს.
როგორც ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს აღარ აკეთებს. თუმცა, მისივე თქმით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია.
ამავე ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის როგორც მისი დაფასებისთვის, ასევე იმ ღვაწლისთვის, რასაც იგი საქართველოსთვის აკეთებს.
„ბატონი პრემიერის მობრძანება ვარსკვლავის გახსნაზე დიდი პატივი იყო. ბევრს გაუხსნეს ვარსკვლავი, მაგრამ არ მახსენდება, სადმე მისულიყო. ასევე ძალიან დაფასება იყო ბატონი ბიძინას მობრძანება. როგორც ვიცი, ხალხში იჯდა და არა – სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე. მადლობელი ვარ მისი არა მხოლოდ ჩემი დაფასებისთვის, არამედ იმის გამოც, რაც ქვეყნისთვის გააკეთა. ეს ადამიანი არ იმსახურებს იმ ბრალდებებს, რომლებიც მის მისამართით გაისმის.
ბიძინა ივანიშვილს ქვა იმან ესროლოს, ვისაც მასზე მეტი აქვს გაკეთებული. თანაც ვინ ლაპარაკობს მასზე, ვინც 9 წლის მანძილზე დალასის დოქტრინის მიხედვით მართავდა ქვეყანას? დიახ, „ნაციონალები“ ერთი-ერთში ასრულებდნენ იმას, რაც დალასის დოქტრინაში ეწერა. რამდენიც უნდა იხტუნონ და დაიმუქრონ, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია. თუმცა, ყველაფერს კი აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს ტვინი გამოურეცხონ. სამწუხაროდ, ამაში საერთაშორისო კვლევაც ეხმარებათ, რაც ვიზამთ, მსოფლიო ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით იმართება. მართალია, ჭკუას ვერავის ვასწავლი, მაგრამ მინდა ამ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და სწორი არჩევანი გააკეთოს. მე არჩევანი უკვე გავაკეთე, ჩემთვის „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები