მიხეილ გიორგაძე: შოუბიზნესში მოღვაწე ორგანიზაციებთან ურთიერთობაში კანონსაწინააღმდეგო გადაცდომები არ მაქვს

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, შოუბიზნესში მოღვაწე ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მას კანონსაწინააღმდეგო გადაცდომები არ აქვს. აღნიშნული განცახდებით კულტურის მინისტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოქვეყნებულ კვლევას დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
გიორგაძის განმარტებით, 20 წლის განმავლობაში შოუბიზნესში მისი და მისი მეგობრების ყოფნის პერიოდში არაერთ კომპანიასთან და ორგანიზაციასთან პირდაპირი კავშირები აქვთ დამყარებული, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამე კანონსაწინააღმდეგო გადაცდომები არსებობს.
„ჩემი დანიშვნიდან მუდმივად არის საუბარი ჩემს კავშირებზე, ჩემი გუნდის კავშირებზე. 20 წელი ამ სფეროში როდესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე ხარ და პრაქტიკულად, შოუბიზნესის სფეროს ფორმირების სათავეებთან დგახარ, შეუძლებელია ამა თუ იმ ხარისხის კავშირი ამ სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებთან და ორგანიზაციებთან არ იყოს მოძებნილი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, არა მხოლოდ ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევაში ნახსენებ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან აქვს მას პირდაპირი კავშირები, არამედ ათეულობით სხვა ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, რომლებიც მათ ოპონენტებად ევლინებიან.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ არის ნათქვამი. კვლევის თანახმად, მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან დღემდე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები