“მიხეილ სააკაშვილს ბოტანიკურ ბაღზე, ალბათ საკუთარი ახალგაზრდობა გაახსენდა”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით პოლიტიკური ხმაური “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო.
ძიძიგურის თქმით, დღეს, საკომიტეტო მოსმენაზე, ამ საკითხის ირგვლივ არსებულ კითხვებს, კვალიფიციური პასუხი გაეცა.
“ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა დააფიქსირა, რომ ბაღი რჩება მოგებაში. მოემატა ვაკე ტერიტორიები და პერსპექტივა – გაუჩნდეს ახალი შესასვლელები, ასევე ტურისტების მოზიდვის, ნარგავების გახარების თვალსაზრისით. აშკარაა, რომ აქ არაფერი სახმაურო არ იყო. აქ არის პოლიტიკური ხმაური, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო”, – განაცხადა ძიძიგურმა.
დეპუტატის თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება რვაჯერ მოხდა.
“არცერთხელ, ამასთან დაკავშირებით, ხმაური არ მოგვისმენია. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხმაურია. პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება. სააკაშვილს ეტყობა გაახსენდა თავისი ახალგაზრდობა, როდესაც ეკოლოგიურ საკითხებზე აქტიურობდა შევარდნაძის წინააღმდეგ და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერა, მაგრამ ახლა რევოლუციის სცენარის ეკოლოგიურ საკითხებზე მორგება, ჩემის აზრით, ძველ დროში ჩარჩენაა. მიხეილ სააკაშვილს აშკარად პრობლემები აქვს ახალი პოლიტიკური პროექტების მოფიქრებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები