ქართველმა მოცეკვავეებმა ლოს-ანჯელესში სალსას ფესტივალზე ნაციონალური ცეკვა შეასრულეს
ლოს – ანჯელესში ლათინოამერიკული ცეკვების სალსა ფესტივალი ჩატარდა, სადაც ქართველი მოცეკვავეები სპეციალური მიწვევით მონაწილეობდნენ. ქართველმა მოცეკვავეებმა მაყურებელს ჩვენი კულტურის ღირსშესანიშნაობა ქართული ცეკვის სახით აჩვენეს. როგორც მოცეკვავეები აცხადებენ, ფესტივალის ფარგლებში აშშ-ში ცნობილი “Lombard twins”-ის მოცეკვავეები ასევე სპეციალური მიწვევით მონაწილეობდნენ და მათზე ქართულმა, მებრძოლი ხასიათის ცეკვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
თეიმურაზ ციხისელი:
– დამიკავშირდა მსოფლიო ლათინოამერიკული ცეკვების ორგანიზატორი ალბერტ თორესი, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევს გამორჩეულ მოცეკვავეებს. აღმოჩნდა, რომ მან ჩვენი ვიდეოები შემთხვევით ნახა ინტერნეტში. ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს ფაქტი, თუმცა ვერ ვხვდებოდი ჩვენს როლს ამ ფესტივალზე, მაგრამ ამიხსნა, რომ იმდენად მოეწონა ჩვენი შესრულება, მიგვიწვია, როგორც სპეციალური სტუმრები და მაყურებელისთვის ჩვენი ნომერი იყო სიურპრიზი… შევკარი ჯგუფი სახელწოდებით: „Kartvelian warrior dancers ” და გავემგზავრეთ ლოს-ანჯელესში.
ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის, რაც იქ განვიცადეთ. ბედნიერებაა, როცა ქართული ცეკვა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ყველა ქვეყნის ცეკვებისგან, ეფექტური მოძრაობებით და საშემსრულებლო ტექნიკით ასეთ მოწონებას იმსახურებს. წარმოუდგენლად მიაჩნიათ, როგორ შეიძლება მუხლზე დაეცე, ან ასეთი ტემპი გქონდეს და თან ხმლით იმოძრაო. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგად მიიღწევა…
მანუჩარ ხუბულავა:
– გამოსვლამდე გვქონდა გენერალური რეპეტიციები. რეპეტიციის მერე მოდიოდნენ მოცეკვავეები, ყველა ინტერესდებოდა ჩვენი ტექნიკით. გვთხოვდნენ, გვესწავლებინა, თუმცა მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა, მათთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. პროდიუსერების და მოცეკვავეების თხოვნით ერთსაათიანი მასტერკლასების ჩატარება მოგვიწია. თუმცა ასეთ მოკლე დროში ძალიან რთულია ჩვენი მოძრაობების ათვისება. დამეთანხმებით, ქართული ცეკვის შესასრულებლად არ არის საკმარისი, იყო მხოლოდ პროფესიანალი მოცეკვავე. იგი ქართულ სულს და ხასიათს საჭიროებს. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი, საქართველოში ჩამოსულიყო და დაუფლებოდა ამ ხელოვნებას…
მიშიკო კობახიძე:
– ჩვენს ჩასვლას ელოდებოდა როგორც მაყურებელი, ასევე მოცეკვავები და მონაწილე ჯგუფები, რომელთაც ჩვენი შესრულება სოციალურ ქსელებში ჰქონდათ ნანახი. ყველა დიდი ინტერესით გვადევნებდა თვალს… ვცდილობთ, ყოველთვის კარგად წარვდგეთ მაყურებლის წინაშე და ამ მოცემულ მომენტში უფრო მეტად მობილიზებულები ვიყავით! მაყურებლის ემოციამ ჩვენზე დადებითად იმოქმედა და, ვფიქრობ, იქ მყოფი მონაწილე მოცეკვავეების იმედებიც გავამართლეთ…
ირაკლი ცაავა:
– კონცერტზე სპეციალურად იყვენ მოწვეულები ცნობილი მოცეკვავეები. თუმცა ყველაზე მოულოდნელი და სასიამოვნო იყო “Lombard twins”-თან შეხვედრა, ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ჩვენი ვიდეოები სხვადასხვა ვებგვერდზე უკვე ნანახი ჰქონდათ და სცადეს კიდეც ჩვენი ილეთების ათვისება და საკუთარ რეპერტუართან შერწყმა…