ირაკლი კობახიძე – ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში
ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა შეაფასა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს ძალაუფლება ჩამოერთვა.
„იგივე წარმატებით იგივე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის უფრო სუსტი ნებისმიერი მინისტრის თანამდებობასთან შედარებით. ზუსტად იგივეა, ანალოგიურად, ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. აქაც ახერხებენ კონკრეტული ადამიანები სპეკულირებას.
სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან სპეციფიური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა პრემიერმა.