“გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი; ეს ნიშნავს, რომ ის ქართველ ხალხს უყურებს, როგორც რაღაც მეორე კატეგორიის ხალხს” – პაპუაშვილი

“ყველა უნდა შეეშვას იწილო-ბიწილო თამაშს, გასაგებია – რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ეს არის ფაქტი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს ვინც არ აღიარებს, უნდა შეეგუოს, რომ იქნება ზუსტად იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ.

„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გვერდში მდგომი იყო, დღეს, ერთი მხრივ, გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად, მეორე მხრივ, ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს, როგორც რაღაც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც არ აქვს უნარი, უფლება თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის დიდი სირცხვილი.

კარგია, რომ გერმანიას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს. მნიშვნელოვანია, ყოველთვე რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას, რომ ქართველები არავის ხელწამოსაკრავი ხალხი არ ვართ, მით უმეტეს არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ ბევრი მიზეზის გამო. თუ ეს არის ის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი ელჩი კი ვხედავთ რა გზაზეც დგას, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო პასუხი, რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას. წლებია, გვიწევს რუსეთთან ამ მხრივ პოლიტიკური თუ სხვა სახის ჭიდილი საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე. გამოდის, ახლა დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ამ თავისი ქცევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები