გუგული მაღრაძე: „ნაციონალების” მიზანია, არჩევნების წინ რაც შეიძლება მეტი საპროტესტო აქცია მოაწყონ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ 2003 წლის სცენარი გაიმეოროს, მაგრამ ჩაფუშული ამბავია ეს, ახლა სხვა სიტუაციაა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს და იმ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, ისინი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვენ.
„იცით რაშია საქმე, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, რომ არჩევნების წინ რაც შეიძლება მეტი საპროტესტო აქცია მოაწყოს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თითიდან გამოწოვილზე – საარჩევნო სია და ა.შ. მათ ეხერხებათ ე.წ. კარტინგის გაკეთება, იმისთვის, რომ მერე თქვან, აი, როგორ შეიძლებოდა ასეთ ვითარებაში არჩევნები ლეგიტიმური ყოფილიყოო. გახსოვთ, ალბათ, რასაც აკეთებდა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ყვითელი ავტობუსებით ერთი და იგივე ხალხი დაჰყავდა. ვიცინოდით ხოლმე ამაზე, ჩემმა მეზობელმა ერთხელ ქალი დაინახა, სად დადიხარო, და რატომ არ ვივლი, თითო წასვლა- მოსვლაზე 20 ლარს მაძლევენო. დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს გამოსვლა, საპროტესტო აქციები, ქმნიან იმ სურათს, რომ პროტესტის ფონზე მიმდინარე არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება. მათ 2003 წლის სცენარის გამეორება სურთ, მაგრამ ჩაფუშული ამბავია ეს, რადგანაც სხვა სიტუაცია იყო 2003 წელს და სხვა სიტუაციაა ახლა. საპროტესტო აქციაზეც ხედავთ, ვინ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან არასამთავრობო ორგანიზაციები. კი, არის რამდენიმე არასამთავრობო, რომლებსაც გულმხურვალედ სტკივათ და ჰგონიათ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულია ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ. მათ ჰქონდათ უცხოურ ფონდებთან ურთიერთობის გამოცდილება და შექმნეს არასამთავრობოები. აქვთ თანხა და ერთვებიან ასეთ საპროტესტო აქციებში “ ,- განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები