გუგული მაღრაძე „ეს შენ გეხებას“ იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც სუს-ის რეფორმას ეხება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე დღეს პორტალ „კვირაში“ „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) რეფორმას და სატელეფონო მოსმენების ე.წ. გასაღების დამოუკიდებელი ორგანოსთვის გადაცემას ეხება.
მისი განმარტებით, კარგია, თუ შეიქმნება ახალი, დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა, მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან, ამას გარკვეული რესურსი, დრო და ფინანსები დასჭირდება. მოსმენებზე საუბრისას, მაღრაძემ განმარტა, რომ ის შსს-ს უფრო ენდობა, ვიდრე ნებისმიერ სატელეფონო ოპერატორს, რადგანაც ყველა მათგანი უცხოურია და არ არის ნაციონალური.
„როდესაც მოსმენებზე კანონი უნდა მიგვეღო, ამ საკითხზე მაშინაც იყო აქცენტი – გადაწყდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. პარალელურად ახლა მაკონტროლირებელი არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომლის გარეშეც არცერთი მოსმენა არ განხორციელდა, ეს ინფორმაცია ავტომატურად მიდის მასთან და როდესაც ხორციელდება ასეთი მოსმენები, რომლებიც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ის ყოველთვის საქმის კურსშია. ვთვლი, რომ ეს გამართლებული იყო, რადგან როდესაც საუბარია იმაზე, რომ რომელიმე მობილურ ოპერატორს დავუქვემდებაროთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ნაციონალური ოპერატორი არ გვყავს – ზოგი ან ამერიკელია, ან რუსია, ან თურქი და ვფიქრობ, სრულიად არ არის მიზანშეწონილი.
მე უფრო ვენდობი ჩემს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ვიდრე ამ ოპერატორებს. თუ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ცალკე შექმნას დამოუკიდებელი სამსახური, შესაძლოა, ამაზეც ვიფიქროთ, მაგრამ ამას სჭირდება ფინანსები და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, შემდეგ ამას უნდა დაეთანხმოს პარლამენტის უმრავლესობა, უნდა იყოს სათანადო თანხა და დრო. მთავარია, დაცული იყოს ქვეყნის და პიროვნების უსაფრთხოება და უკანონო მოსმენები არ უნდა ხდებოდეს, იმის მიუხედავად, თუ ვის ხელშია გასაღები“, – განაცხადა მაღრაძემ.