გუგული მაღრაძე – ვფიქრობ, გამაჩნია ის რესურსი, რომ პარტიას გამოვადგე
მე ვთვლი, გამაჩნია ის რესურსი, რომ პარტიას გამოვადგე, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ დღეს პორტალ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სიის ფორმირებაზე საუბრისას გააკეთა.
მისი განცხადებით, მას საკმარისი განათლება აქვს იმისთვის, რომ პარტიის რიგებში დარჩეს, მაღრაძემ დღეს, ხუმრობით, ინგლისური ენის ცოდნასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ევროსაბჭოში მეტწილად ასაკოვანი ადამიანები არიან და გასაკვირი არ არის, თუ მათ ინგლისური ენის გამოთქმის არცთუ ისე სახარბიელო მანერა აქვთ.
“მე გარკვეული იურიდიული განათლება მაქვს, ფსიქოლოგიური განათლებაც, ინგლისურიც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ვანოს შოუ, სულ ჩემს „თუ, თუ, თუ“-ზე საუბრობს – „თუ, თუ, თუ”, ეს არის ზმნის წინი და როდესაც რაღაც ზმნას არჩევ და ლაპარაკობ, შეიძლება, შეყოვნდე რა ზმნა აირჩიო.
ქართულ აქცენტს რაც შეეხება, ევროსაბჭოში თითქმის არ არის ადამიანი, ორი – სამი ახალგაზრდის გარდა, რომლებსაც უცხოეთში აქვთ სწავლა მიღებული, მათ შორის კანდელაკი, რომლებსაც არ აქვთ აქცენტი. მისი ქვეყნის აქცენტი ყველას აქვს. ევროსაბჭოში არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც რეპუტაცია აქვთ საკუთარ ქვეყანაში მოპოვებული, არიან დეპუტატები და სწორედ ამიტომაც არიან იქ“,- განაცხადა მაღრაძემ.