უფლებადამცველი პრეზიდენტზე გაბრაზებულია
უფლებადამცველი სოფო ხორგუანი პრეზიდენტზე გაბრაზებულია, იმის გამო, რომ გიორგი მარგველაშვილმა გია გვიჩიანის შეწყალების აქტს ხელი არ მოაწერა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოფო ხურგუანმა გადაცემა „2030“-ში ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მრჩეველი მორის შალიკაშვილი, რომელმაც საქმე დეტალურად შეისწავლა, გაოგნებული ამბობდა, რომ საქმეში მტკიცებულბები არ არსებობდა და უვადო პატიმრობისთვის ადამიანები გაიმეტეს.
“გია გვიჩიანისგან ვიცი, რომ ცრუ მოწმემ, რომლის იმედი ჰქონდათ, რომ სადღაც გამოიყენებდნენ, მთელი საგამოძიებო სისტემა ტყუილზე წამოაგო. ხელისუფლება მიხვდა, რომ ჩიხში აღმოჩნდა, მაგრამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ”, – განაცხადა უფლებადამცველმა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებას მცირედი შეცდომა მაინც რომ ეღიარებინა, დღემდე უამრავი ადამიანი სამართლის ძიებაში არ იქნებოდა.
სოფო ხორგუანის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ გია გვიჩიანს რეკომენდაცია 2-ჯერ გაუწია, მაგრამ პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი არ მოაწერა.
“ამის გამო, პრეზიდენტზე ძალიან გაბრაზებული ვარ. როგორც ჩანს, მას პასუხისმგებლობის აღების ეშინია. პრეზიდენტის სამართლებრივმა მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ეს საქმე დეტალურად იცის და ვფიქრობ, პრეზიდენტს ურჩევს, მაგრამ პრეზიდენტი არ ისმენს და არ ხედავს. არადა, მას მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.