“ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ საფინანსო ინსტიტუტებისა და ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გატანილი”

„დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ საქართველოს მთავარი საფინანსო ინსტიტუტებისა და ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის აქციები უკვე გატანილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე“, – განაცხადა აშშ- ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
გიორგი კვირიკაშვილმა დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რეფორმების მეორე ბლოკი მოიცავს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს გაუქმდება მოგების გადასახადი.
მისივე თქმით, ჩვენ დავნერგავთ გადასახადების ესტონურ მოდელს, რომელიც გულისხმობს მხოლოდ დივიდენდების დაბეგვრას.
„საქართველოში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი. ეს რეფორმები მოიცავს ძირითად სფეროებს და ემსახურება საქართველოს სრული მოდერნიზაციისა და ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის საქმეს. პირველ რიგში, ლაპარაკია საქართველოს განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის შესახებ. ჩვენ მიზნად ვისახავთ საბჭოთა მემკვიდრეობის ყველა გადმონაშთის აღმოფხვრას საქართველოს განათლების სისტემიდან. დაგეგმილია საშუალო განათლების ძირეული რეფორმა და უმაღლეს განათლებაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლების დაფინანსების პრიორიტეტიზაცია, რისთვისაც ჩვენ წამოვიწყეთ შრომის ბაზრის ფართომასშტაბიანი კვლევა. ჩვენ დავადგენთ ამჟამად არსებულ და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სავარაუდო კონკრეტულ საჭიროებებს. გარდა ამისა, მეტი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას, კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობას, რაშიც დაგვეხმარება ორმაგი განათლების გერმანული მოდელის დანერგვა.
რეფორმების მეორე ბლოკი მოიცავს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს გაუქმდება მოგების გადასახადი. ჩვენ დავნერგავთ გადასახადების ესტონურ მოდელს, რომელიც გულისხმობს მხოლოდ დივიდენდების დაბეგვრას.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას, რათა ამ სფეროს სამსახურები გახდნენ უფრო ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული. გარდა ამისა, საბანკო ანგარიშების დაყადაღება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ჩვენი რეფორმები ასევე ითვალისწინებს დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმის შექმნას ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ცენტრის ფარგლებში, რომელიც ახლახან დაარსდა. ეს არის ამ ტიპის პირველი ცენტრი, სადაც ახალგაზრდა ინოვატორები და სტუდენტები მიიღებენ დაფინანსებას ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, რისთვისაც აღარ დასჭირდებათ მშობლების ქონების იპოთეკაში ჩადება, რაც დღესდღეობით ჩვეული პრაქტიკაა საბანკო სექტორში.
რეფორმების მესამე ბლოკი გულისხმობს საქართველოს სივრცით მოწყობას, ანუ მთავარი მაგისტრალების მშენებლობის დაჩქარებას ძირითად ტურისტულ ცენტრებთან დასაკავშირებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც კერძო სექტორი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს. გაიზრდება კერძო სექტორის ჩართულობა, კონცესიების ოდენობა და კერძო-საჯარო პარტნიორობის რიცხვი. შედეგად, დაფინანსების ტვირთი გადაინაცვლებს სუვერენული ბალანსიდან კერძო სექტორზე.
ჩვენი რეფორმების მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკი გულისხმობს მმართველობის სისტემის ფუნდამენტურ გადახალისებას.
დაგეგმილია ერთიანი სახელისუფლებლო ფრონტოფისის დაარსება, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოემსახურება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ასე რომ, არსებული სამთავრობო სტრუქტურების ფრონტოფისები მოექცევა ერთ შენობაში, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს კარგ კომუნიკაციას ბექოფისებთან, რომლებიც თბილისიდან გადატანილი იქნება მის შემოგარენში. ეს კი უზრუნველყოფს დიდ სივრცეს ოფისების, სასტუმროებისა და სხვა უძრავი ქონების მშენებლობისთვის.
გარდა ამისა, 2017 წელს ჩვენ დავნერგავთ ახალ საპენსიო სისტემას და დავიწყებთ კაპიტალის ბაზრის რეფორმას. საპენსიო რეფორმის შედეგად დაგროვებული რესურსები ათვისებული იქნება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიერ.
დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ საქართველოს მთავარი საფინანსო ინსტიტუტებისა და ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის აქციები უკვე გატანილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
ეს არის ძალიან ამბიციური დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც მოითხოვს უსაფრთხოებას. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მისწრაფებები ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა და ჩვენი მოქმედება ამ მხრივ თანამიმდევრული.
მიუხედავად გამოწვევებისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით ბოლო წლების განმავლობაში, ვგულისხმობ ოკუპაციას და ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჩვენ მაინც შევძელით რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირება და უზრუნველვყავით საქართველოს განვითარებისთვის, ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის აუცილებელი უსაფრთხოება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები