გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი, უბრალოდ, არაამქვეყნიურია

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილინოისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა, საქართველოთი დაინტერსების გამო.
გიორგი კვირიკაშვილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართავს, რომ როგორ მოიძებნოს თანამშრობლობის გზები, რათა ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ.
ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ დრო ცოდნის მისაღებად.
გიორგი კვირიკაშვილმა ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში მოიწვია.
„მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით საქართველოთი. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები სხვა თვალით შეხედავთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას.
ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო, მართლაც, უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო პლაჟები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით. ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია. სხვათა შორის, საქართველო არის მსოფლიო მეღვინეობის აკვანი.
ჩემი ვიზიტი ხანმოკლეა, მაგრამ ჩემს გეგმებში შედის ადმინისტრაციასთან ერთი საკითხის განხილვა: როგორ ჩამოვიყვანოთ საქართველოში მეტი სტუდენტი ილინოისის უნივერსიტეტიდან და როგორ მოვიძიოთ თანამშრომლობის გზები.
აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენეთ აქ გატარებული დრო, შეისისხლხორცეთ ცოდნა და ნუ მიიღებთ აქ მიღებულ გამოცდილებას, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა გაიფართოვოთ ჰორიზონტი, გაეცნოთ თქვენი მსოფლმხედველობისგან განსხვავებულ იდეებს და თქვენგან განსახვავებულ ადამიანებს.
მივმართავ ამ ოთახში მყოფ მომავალ ბიზნესმენებს: საქართველოში ჩამოსულებს ჩვენ გაშლილი ხელით მიგიღებთ და გაგაცნობთ ბიზნესისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოს.
მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტის ლექტორებსა და ადმინისტრაციას იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ემსახურება ხვალინდელი დღის ლიდერების ჩამოყალიბებას.
ამ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის პერიოდმა მართლაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე დიდად ვაფასებ ჩემს კავშირს ამ შესანიშნავ ინსტიტუტთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები