ნოდარ ჯავახიშვილი: 2020 წლამდე არა მარტო რიკოთის გვირაბი, არამედ მთლიანად ავტომაგისტრალი უნდა დავამთავროთ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი მალე გამოცხადდება, მაისის ბოლომდე კი ტენდერების გამოცხადება მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზეც მოხდება.
მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში სრულყოფილი პროექტი მზად იქნება და თითოეულ ამ მონაკვეთზე გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაციები გამოვლინდებიან.
„იმედია, რომ მომავალი წლის დასაწყისში გვექნება სრულყოფილი პროექტი და გამოვავლენთ გამარჯვებულ სამშენებლო ორგანიზაციებს თითოეულ ამ მონაკვეთზე, რომლებიც განახორციელებენ მშენებლობას. 2020 წლამდე ჩვენ არა მარტო რიკოთის გვირაბი, არამედ მთლიანად E-60, E-70 ავტომაგისტრალი უნდა დავამთავროთ. რაც შეეხება ალტერნატივას, ესეც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩუმათელეთიდან ხარაგაულზე და ზესტაფონში იქნება ალტერნატიული გზა და დიდი ალბათობით, ამას მომავალი ხელისუფლება გადაწყვეტს 3,5 წელიწადის მერე, თუ რა პირობებით იქნება და იქნება თუ არა ეს ფასიანი“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გზა აუცილებლად ფასიანი უნდა იყოს.
„მე თუ მეკითხებით, როგორც დღეს მოქმედ მინისტრს, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ფასიანი და უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ ეს ავტობანი თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ფასიანი და ეს ნუ აშინებს ქართველებს, რადგან ჩვენ აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი ვართ. ამ ავტობანით დიდ ნაწილში არაქართველებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვადასხვას ვუკეთოთ უნიკალური გზები. მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის და უზარმაზარი ვალის დაფარვის ერთ-ერთი წყარო, რომელიც სახელმწიფოს დარჩება ამ გზიდან, ესეც უნდა იყოს“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.