ლავროვმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია გააკრიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრივმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა ომისკენ მოწოდებას ნიშნავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „განცხადებები, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებისგან გაისმა, ყოვლად მიუღებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის მოწოდება ომისკენ და არა მშვიდობისკენ. ეს იყო კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისკენ მოწოდებები“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის ვიზიტის პარალელურად სომხეთის დედაქალაქში მისი ვიზიტის მოწინააღმდეგეთა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ სერგეი ლავროვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ანტისომხური გეგმა ჩამოიტანა. მათ აზერბაიჯანისთვის რუსული იარაღის მიყიდვის შეწყვეტაც მოითხოვეს.